აშშ-ს სამხედროები შესაძლოა, ავღანეთში დარჩნენ
აშშ-ს სამხედროების და სხვადასხვა ქვეყნის კოალიციის ძალების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, გადაიხედოს. ამის შესახებ ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ განაცხადა.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ავღანეთის ტერიტორიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის პროცესი 2016 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ უსაფრთხოებას ქვეყანაში ადგილობრივი ძალები უზრუნველყოფენ, – წერს „ბი-ბი-სი“.
თუმცა წინა წელს თალიბანის დაჯგუფება გააქტიურდა და საკუთარი გამარჯვების შესახებ განაცხადა. თალიბანის განცხადებით, აშშ და მათი მეკავშირეები დამარცხებულნი არიან და დაჯგუფების წევრები „დამპყრობლების ძალების განდევნის შემდეგ ნამდვილი ისლამური სისტემის დანერგვას გეგმავენ“.
ავღანეთის პრეზიდენტის თქმით, ამერიკული ჯარების ქვეყნიდან გაყვანის ვადები არ უნდა იყოს „დოგმა“.
ცნობისთვის, ფორმალურად სამშვიდობო მისია ავღანეთში 2014 წლის დეკემბერში დასრულდა, თუმცა სამხედრო ბაზებზე კიდევ 13 000 სამხედრო რჩება.