მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემები აპრილში გამოქვეყნდება

პირველადი მონაცემები, თუ რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა, 2015 წლის აპრილში გამოქვეყნდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “საქსტატის” დირექტორმა მერი დაუშვილმა განაცხადა, აღწერის პროცეში გარკვეული პრობლემები იყო, თუმცა მთლიანობაში, საყოველთაო აღწერამ წარმატებით ჩაიარა. მისივე თქმით, ყველა ინდიკატორის მიხედვით. მონაცემები 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება.
“პირველადი მონაცემები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობის შესახებ გამოქვეყნდება 2015 წლის აპრილის ბოლომდე. ეს არის მხოლოდ ის მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე. ყველა ინდიკატორის მიხედვით კი, მონაცემები 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება. მოსახლეობის რაოდენობასთან ერთად დადგინდება, რამდენი კაცი და ქალი ცხოვრობს ქვეყანაში, როგორია ასაკობრივი ჭრილი, განათლების დონე, შშმ პირთა შესახებ მონაცემები, საცხოვრებელი პირობები, აღმსარებლობა, სოფლის მეურნეობის მონაცემები და ემიგრანტების რაოდენობა”, – განაცხადა დაუშვილმა.
რაც შეეხება ხარვეზებს, მისი თქმით, „ცხელ ხაზსა“ და სოციალურ ქსელებში აღმწერების მიმართ იყო პრობლემები.
“ცხელ ხაზსა“ და სოციალურ ქსელებში გამოითქვა უკმაყოფილებები, რომ აღმწერები კითხვის გარეშე წერდნენ აღმსარებლობას. როცა დაფიქსირდა ასეთი პრობლემა, ჩვენ ხელახლა გავგზავნეთ სხვა ინტერვიუერი. თუმცა, როდესაც საფუძვლიანად ვიკვლევდით, განსხვავებული სურათი გვხვდებოდა. გენდერული ფაქტორიდან გამომდინარე, ასევე იყო პრობლემები, რომ აღმწერები კითხულობდნენ ოჯახის უფროსს, რაც ზოგიერთი ოჯახის წევრების გაღიზიანებას იწვევდა. ჩვენი მითითება იყო, რომ ეკითხათ არა ოჯახის უფროსი, არამედ ზრდასრული ადამიანი”, – აღნიშნა დაუშვილმა.
დაუშვილის ინფორმაციით, მომდევნო აღწერა 2020 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები