მიხეილ სააკაშვილი: ალეკოს მაღალი ხელფასი ჰქონდა საქართველოში, თუმცა თავისი ნებით მიატოვა სამსახური…

ალეკოს მაღალი ხელფასი ჰქონდა საქართველოში, თუმცა თავისი ნებით მიატოვა სამსახური და მისივე დანაზოგით იბრძოდა დონბასში, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლ ალეკო გრიგოლაშვილზე წერს.
“უკრაინელები, რომლებიც იბრძოდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ საქართველოს მხარეს აფხაზეთში ამბობდნენ, თუ არ გავაჩერებთ მტერს გუმისთაზე, მათი გაჩერება მოგვიხდება დნიპროზე. ალეკო გრიგოლაშვილი, დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, მის პირად ფეისბუქის გვერდზე წერდა – თუ რუსეთს უკრაინაში არ გავაჩერებთ, ჩვენი მთავრობა საქართველოს ლანგარზე მიართმევს რუსეთსო. ალეკო მისი სამშობლოს საქმეს აკეთებდა სიცოცხლეში და გააკეთა თავის სიცოცხლის ფასად, ის ვინც, თავისი თბილი კაბინეტებიდან მას ანგარებაში ადანაშაულებს და რუსეთთან ბრძოლაში დაცემულების გვერდით დაკრძალვაზე უარს უცხადებს, ცალსახად, მტრის საქმეს აკეთებს. თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ?!
თუ მტერს თავის სახელს ვერ უწოდებ, ისეთი ლაჩარი და უსინდისო მაინც არ უნდა აღმოჩნდე, რომ შენს მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს ოკუპანტთან ბრძოლაში დაცემულ მებრძოლ შენს თანამემამულეს არ გაემიჯნო და ფულზე გაყიდული პროვოკატორი არ ეძახო. ალეკოს მაღალი ხელფასი ჰქონდა საქართველოში, თუმცა თავისი ნებით მიატოვა სამსახური და მისივე დანაზოგით იბრდძოდა დონბასში. მის შვილებს შეუძლიათ მთელი ცხოვრება იამაყონ მამით.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები