ბრიტანეთში ტრანსგენდერებზე თავდასხმამ 44%–ით მოიმატა
დიდი ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, 2014 წელს ტრანსგენდერების მიმართ განხორციელებულმა დანაშაულმა 44%-ით მოიმატა. საუბარია ტრანსგენდერებზე ქუჩებში თავდასხმასა და გაუპატიურებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian–ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 2014 წელს ტრანსგენდერების მიმართ 95 დანაშაული განხორციელდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს რიცხვი 66 იყო. ამასთან აღსანიშნავია, რომ დანაშაულის რეალური რაოდენობა შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე ოფიციალურად დარეგისტრირებული მონაცემებია.
„ყოველ წელს დიდ ბრიტანეთში ტრანსგენდერების მესამედი თავდასხმას განიცდიან. გაერთიანებული სამეფო ამ ნიშნის დანაშაულით ევროკავშირში მეორე ადგილზეა“, – განაცხადა საქველმოქმედო ფონდ „Galop“–ის წარმომადგენელმა სერჟ ნიკოლსონმა.
ამასთან, მისი სიტყვებით, შემთხვევების 80%-ის დროს ტრანსგენდერები პოლიციას არ მიმართავენ. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ტრანსგენდერებზე თავდასხმის შემთხვევები საფოლკის და სამხრეთ იორკშირის საგრაფოებში ფიქსირდება.