„სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია“ – ვენედიქტოვი
„როგორც ვხვდები, სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია“. ეს განცხადება საკუთარ ტვიტერზე „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებას იანვრის ბოლოს გეგმავენ. მანამდე ანალოგიური შეთანხმება დე ფაქტო აფხაზეთთან გაფორმდა, რამაც დასავლეთი აღაშფოთა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სპეცსამსახურებისა და სამხედრო სტრუქტურების გაერთიანებას, საბაჟოს და საზღვრის გაუქმებას გულისხმობს.
მოსკოვი იღებს ვალდებულებას კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებაზე. ასევე სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც რუსეთი იქნება პასუხისმგებელი.
შეთანხმების თანახმად, ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და საბაჟო კონტროლი გაუქმდება, რის შედეგადაც ხალხის გადაადგილება და ტვირთის მოძრაობა თავისუფლად იქნება შესაძლებელი. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბორის ჩოჩიევის ცნობით, შეთანხმების ტექსტმა ხელმოწერამდე შესაძლოა, გარკვეული ცვლილება განიცადოს.