„უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამუშაოდ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საქმეებზე სამუშაოდ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა “ექსპო-ჯორჯიაში” მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობა დაზარალებულებს მაქსიმუმ თებერვლამდე წარუდგენს გეგმას, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენა და მათი კომპენსირება.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ყველა ის განაცხადი, რომელიც ოფიციალურად შევიდა პროკურატურაში და რომელიც უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას, ბიზნესებს, ასევე იმ რეპრესირებულ ადამიანებს უკავშირდებოდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სასჯელს ციხეებში უკანონოდ იხდიდნენ, რომ იყვნენ მსხვერპლნი წამების, არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურების. პროკურატურამ დაასრულა ყველა ამ განაცხადის შესწავლა. მაქსიმუმ თებერვლამდე ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება და დასრულება, როგორ მოხდება კომპენსირება. პროკურატურაში შეიქმნება სპეციალური დეპარტამენტი, ან სამმართველო ქონებების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერის შეფასებით, საქმე, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში პროკურატურამ გასწია, შრომატევადი იყო.
“საკმაოდ შრომატევადი იყო ის საქმე, რომელიც ამ წლების განმავლობაში პროკურატურამ ჩაატარა, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანამდე, პრემიერ-მინისტრმა პროკურატურის რეფორმირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურის რეფორმირების ფარგლებში მთავარია, ჩამოყალიბდეს ინსტიტუციონალურად დაბალანსებული მოდელი, რომლის ფარგლებშიც პროკურორთა ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა მოხდება და დაცული იქნება ანგარიშვალდებულების პრინციპი.
როგორც პრემიერმა განმარტა, რეფორმის საბოლოო მიზანს პროკურატურის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბება წარმოადგენს.
“უნდა დაიწყოს მისი ორგანოების ინსტიტუციონალურ რეფორმაზე მსჯელობა და ეს მსჯელობა წარიმართოს ევროკავშირთან თანამშრომლობით დაფუძნებულ სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში. ამ საბჭოს შემადგენლობა უკვე დამტკიცებულია. მასში შედიან ყველა ძალოვანი სამინისტრო და სტრუქტურა, თავად პროკურატურა, სამინისტროები, აგრეთვე მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის წარმომადგენლები, გაეროს განვითარების პროგრამა, სხვა საერთაშორისო ორგანიზციები და არასამთავრობო სექტორი. ჩვენთვის ამ რეფორმის საბოლოო მიზანს წარმოადგენს პროკურატურის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბება, მისი გაძლიერება წარმოადგენს ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს. რაც მთავარია, ამ რეფორმით უნდა უზრუნველვყოთ, რომ პროკურატურა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები