ირაკლი ღარიბაშვილი: ბიუჯეტი შესაძლოა, ხარჯვით ნაწილში ვერ შესრულდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში შესაძლოა, ვერ შესრულდეს. მისი თქმით, გარკვეულმა სამინისტოებმა თანხები ვერ აითვისეს.
“ბიუჯეტი შესრულდება. შეიძლება ხარჯვით ნაწილში ვერ შესრულდეს. გარკვეულმა სამინისტროებმა ვერ დახარჯეს, ან ვერ აითვისეს თანხები. წლების განმავლობაში ასე იყო. ზოგადად, ბიუჯეტი როცა იგეგმება, ზუსტად ათვისება არ ხდება არც ერთ ქვეყანაში, შემდეგ ხდება ბიუჯეტის კორექტირება, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ არ გავაკეთეთ. წინა ხელისუფლების დროს, წლის ბოლოს ხდებოდა ბიუჯეტის კორექტირება და ზუსტად დასმა 100%-ზე. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ რეალური მონაცემები. ყველაფერი გამჭვირვალეა, ბიუჯეტი, სამინისტროები და ა.შ.”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რეგიონში და მსოფლიოში არსებული ურთულესი ვითარებისა, საქართველოში ეკონომიკის 5%-იანი ზრდაა.
“რეგიონში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით და მსოფლიოში მსოფლიო ბანკის ქვეყნებს შორის – მეორე ადგილზე. სწორედ ჩვენი ეკონომიკისა და მთავრობის დამსახურებაა, რომ ამ რთულ პირობებში არ ჩამოიქცა ეკონომიკა. ურთიერთობის ნორმალიზება მოვახდინეთ რუსეთთან, გავხსენით ბაზარი. ევროკავშირთან გავაფორმეთ ხელშეკრულება ასოცირების შეთანხმების შესახებ. 105 საწარმო გავხსენით. სოფლის მეურნეობაში ინვესტიცია განვახორციელეთ. ეს ეხება ყველა მიმართულებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები