საქალაქო სასამართლოში დღეს ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დღეს ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე ბრალდების მხარის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს გამოძიება მომხდარის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ამავე საქმეზეა ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც. გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით იძებნებიან ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძეც.
გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს. დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა, მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით, უზრუნველყო მიხეილ საააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 14 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, რომელიც დააწვინეს ასფალტზე, იარაღის კონდახებით სასტიკად ცემეს და გაიტაცეს ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი და ბეჭედი, ღირებული 50 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუხოცელი დამახინჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები