„არემჯი გოლდის“ თანამშრომლებისა და საყდრისის საბადოზე დასაქმებულების აქცია დასრულდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის უფროსს მაია ცქიტიშვილსა და კომპანია “არემჯი გოლდის“ საინიციატივო ჯგუფს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარემ ზურაბ მჭედლიძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე კონკრეტული დაპირება არ მიუღიათ, თუმცა იმედოვნებენ, რომ საკითხი მათ სასარგებლოდ გადაწყდება.
მჭედლიძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “არემჯი გოლდის“ თანამშრომლებმა და საყდრისის საბადოზე დასაქმებულებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს. ათასზე მეტი ადამიანი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დილიდან შეიკრიბა.
კომპანია “არემჯი გოლდის“ თანამშრომლები და საყდრისის საბადოზე დასაქმებულები „არემჯი გოლდისთვის” ლიცენზიის გაგრძელებას და პრეზიდენტთან ამ საკითხზე პირადად შეხვედრას ითხოვდნენ.
ამასთან, საბადოზე დასაქმებულების თქმით, რამდენიმე კვირაში კომპანიას ოქროს მოპოვების უფლება ეწურება, შესაძლოა, კაზრეთში სამუშაოები საერთოდ გაჩერდეს და იქ დასაქმებულები უმუშევრად დარჩნენ.
მათივე თქმით, ბოლნისის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ აღნიშნულ საბადოზეა დასაქმებული და ოჯახებსაც ამ სახსრებით არჩენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები