ნუგზარ შატაიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

26 დეკემბერს, 18:00-ზე წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში ნუგზარ შატაიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
ამ წიგნში ნუგზარ შატაიძის ორი ნაწარმოები – „მოგზაურობა აფრიკაში“ და „კუნძული“ შევიდა.
პირველი მათგანი მოთხრობაა, რომელსაც გამოქვეყნებისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 2009 წელს კი რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა მოთხრობის მიხედვით მხატვრული ფილმი „გაღმა ნაპირი“ გადაიღო, რომელიც არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინეს. ფილმი ოცდაათამდე ქვეყანაში უჩვენეს და მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა. ავტორმა გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის პრიზიც მიიღო.
„გაღმა ნაპირი“ ნუგზარ შატაიძისა და გიორგი ოვაშვილის ერთადერთი თანამშრომლობა არ ყოფილა. ამის შემდეგ იქმნება „სიმინდის კუნძული“, უფრო კი, უბრალოდ, „კუნძული“, რომელიც მწერალმა არა მოთხრობად, არამედ ლიტერატურულ სცენარად, ფილმის პირველწყაროდ შექმნა. სულ ახლახან „სიმინდის კუნძული“ „ოსკარის“ ცხრა უცხოური ფილმების ნომინაციაში მოხვდა.
წიგნს ერთვის ივანე ამირხანაშვილისა და ია ვეკუას წერილები – პროფესიული შთაბეჭდილებები ამ ორი ტექსტისა და ფილმის შესახებ. პრეზენტაციაზე უჩვენებენ ნაწყვეტებს ფილმებიდან: „გაღმა ნაპირი“ და „სიმინდის კუნძული“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები