გოგა ონიანს იზოლატორში, სავარაუდოდ, დღესვე დააბრუნებენ
ადვოკატ გოგა ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის, სავარაუდოდ, დღესვე დაბრუნდება დროებითი დაკავების იზოლატორში, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.
“გოგა ონიანმა ისარგებლა ბრალდებულის უფლებით და მოითხოვა სამედიცინო შემოწმება. იგი გადაყვანილ იქნა ჩაფიძის სახელობის კლინიკაში. ჩემი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ისევ დაბრუნდება დროებითი დაკავების იზოლატორში”, – განაცხადა კაციტაძემ.
მისი თქმით, გოგა ონიანს დროებითი დაკავების იზოლატორში, სავარაუდოდ, დღესვე დააბრუნებენ. შეგახსენებთ, რომ ადვოკატი გოგა ონიანი გუშინ პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციით და განზრახ უკანონოდ დაკავების ფაქტზე დააკავა.