საქართველო აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის საკითხს არ განიხილავს – შარაშენიძე

  საქართველოს მთავრობა აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ ბაქოში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ განაცხადა, – წერს „ნაშა აბხაზია“.
„მყარი გარანტიით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხს არ განიხილავს. გასულ კვირას თბილისს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ესტუმრა. ეს საკითხი საერთოდ არ წამოწეულა“, – განაცხადა შარაშენიძემ.
ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე საუბრისას შარაშენიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობაში მოსვლასთან ერთად თბილისმა მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენის პოლიტიკა აამუშავა.
„საქართველო, საკუთარი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, დათმობაზე წავიდა. სამწუხაროდ, საპასუხოდ მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ რუსულ-აფხაზური შეთანხმება მივიღეთ, რომელიც ოკუპაციის და ყველა ამ ტერიტორიის ანექსიის იურიდიულ გაფორმებას წარმოადგენს“, – აღნიშნა ელჩმა.
„როგორც ვიცით, მზადდება მეორე, ანალოგიური შეთანხმება ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, რომელიც საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოა და საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებს სცდება“, – განაცხადა შარაშენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები