რაჭაში შესაძლოა ჰესები აშენდეს
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი რაჭაში, სოფელ ჭრებალოში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რაჭაში პოტენციური ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესაძლო განხორციელების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.
ადგილობრივ მოსახელობასთან კონსტრუქციული შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
ილია ელოშვილმა ადგილობრივებს განუმარტა, რომ „ალპანა“ და „სადმელი“ ჰესებზე მაღალი კაშხლების მშენებლობა საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
„ჩვენი კვლევების მიხედვით, „ალპანა“ ჰესზე კაშხლის მშენებლობა გათვალისწინებული საერთოდ არ არის. რაც შეეხება „სადმელი“ ჰესს, იქ ერთ კილომეტრიანი რადიუსის შეტბორვაა გათვალისწინებული, რაც ძალიან მცირეა. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ამ ეტაპზე კვლევები მიმდინარეობს. რამდენიმე თვის შემდეგ კვლევების პირველი ეტაპი დასრულდება. მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდება საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით უნდა გაგრძელდეს, ან საერთოდ გაგრძელდეს თუ არა მუშაობა ამ კონკრეტულ ჰესებზე. მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ჯერჯერობით ამ კონკრეტულ ტერიტორიებზე ყველანაირი შეტბორვის გარეშე ჰესების მშენებლობას უჭერს მხარს. სწორედ ეს ავუხსენით მოსახლეობას. ასევე შევპირდით, რომ როდესაც კონტრაქტორი კომპანია თავის წინადადებებს წარმოადგენს და მშენებლობის სქემაზე შევთანხმდებით, კიდევ ერთხელ ჩამოვალთ და მოსახლეობას საბოლოოდ გავაცნობთ ინფორმაციას, თუ რა გზით განხორციელდება ჰესების მშენებლობა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ამ კონკრეტულ ჰესებზე, ან საქართველოში სხვა ჰესებზე ჩატარდება, მაქსიმალურად გამჭვირვალე და მოსახლეობასთან კავშირში იქნება“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „ Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S “ – ის შორის , 2014 წლის 10 ოქტომბერს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, ინვესტორი იღებს ვალდებულებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის („ალპანა“ და „სადმელი“ ) მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებასა და ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობაზე.
ამ ეტაპზე ინვესტორ კომპანია „ Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S “ – ს დაწყებული აქვს პროექტის კვლევითი სამუშაოები, რომლის დასრულების ვადა მემორანდუმით განისაზღვრა 18თვე (2016 წლის მარტი).