ვლადიმერ პუტინი: რუსეთს ბრალი არ მიუძღვის, რომ სააკაშვილს დევნიან

რუსეთს ბრალი არ მიუძღვის, რომ სააკაშვილს დევნიან – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, თავის დროზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ არწმუნებდა, რომ არ დაეწყო საბრძოლო მოქმედებები.
პუტინს ამ საკითხებზე კითხვით „მაესტროს” ჟურნალისტმა მიმართა. აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, რუსეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე შეაყოვნა ქართველი ჟურნალისტისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა.
“ყოველთვის ვეუბნებოდი, ნუ გააკეთებთ ამას, ნუ დაიწყებთ საბრძოლო მოქმედებებს. მპასუხობდა, არა, არავითარ შემთხვევაშიო. მაგრამ შედეგი ყველასთვის ცნობილია. ძალიან ძნელია ამ ვითარებიდან გამოსვლა. მესმის, რომ ეს საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ღია ჭრილობაა, მტკივნეულია. 1919 წელიც ხომ გახსოვთ, მაშინაც მძიმე მოვლენები იყო რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა, აფხაზეთმა კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩენის სურვილი გამოთქვა”, – აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი არ არის დამნაშავე, თუმცა ყველა მოსკოვს ადანაშაულებს, რომ ახდენენ პროვოცირებას.
“ჩვენ არაფრის პროვოცირებას არ ვახდენთ. ასე მოხდა. უნდა დაველაპარაკოთ ამ ხალხს, ჩვენ მზად ვართ შუამდგომლობისთვის. მას შემდეგ, რაც მოხდა ამ გაფრთხილებების უარყოფა, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რუსეთმა აღიარა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. გულწრფელად გეტყვით, რომ ძნელია რაიმეს გაკეთება, მაგრამ საჭიროა პირველ ეტაპზე თუნდაც ურთიერთობების დალაგება, პირდაპირი კონტაქტები, პოლიტიკური დიალოგი. თუ ეს მოხერხდება, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ამ პროცესს”,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები