ფხალაძე პრეზიდენტის გამგზავრების გადაწყვეტილებას საქართველოს ღირსეულად წარმოჩენის სურვილს უკავშირებს

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის პროცესზე საქართველოს პრეზიდენტის დასწრების გადაწყვეტილება საქართველოს ღირსეულად წარმოჩენის სურვილით არის განპირობებული.
როგორც ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სტრასბურგში გიორგი მარგველაშვილის გამგზავრების საკითხის მოგვარებაში დიპლომატიური არხები, მათ შორის მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო იყვნენ ჩართული.
მისი განმარტებით, სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამის კონკრეტული დეტალები ზუსტდება.
“ხვალ არის, მართლაც, ისტორიული დღე და თავისთავად ცხადია, რომ საქართველო უნდა იყოს წარმოდგენილი ღირსეულად. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის მეთაური, დაესწრება ამ ღონისძიებას. პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენი ევროპული სწრაფვა არის ქართველი ხალხის არჩევანი და პრეზიდენტი, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველი, წარმოადგენს ქვეყანას ამ ღონისძიებაზე”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტს არ სჭირდება მოწვევა. პრეზიდენტი არის ქვეყნის მეთაური და როდესაც განიხილება საქართველოს საკითხი, მას აქვს სრული უფლება, ღონისძიებას დაესწროს.
“დანარჩენი გვარდება დიპლომატიური არხებით, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. დიპლომატიური არხები გულისხმობს მთავრობის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხში ჩართვას. ასე რომ, ყველა პროცედურა არის დაცული, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპარლამენტი”, – აღნიშნა ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები