გიგი უგულავას საქმეზე რევიზორები დაიკითხნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმის განხილვა დასრულდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებულ ეპიზოდს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ ბრალდების მოწმეები – რევიზორები, რომლებიც აწარმოებდნენ 48 მილიონი ლარის მონიტორინგს. სწორედ აღნიშნული თანხის გაფლანგვას ედავებიან ქალაქის ყოფილ მერს.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ რევიზორებს დღეს დასკვნა სრულყოფილად არ ჰქონდათ წარმოდგენილი.
„რევიზორმა ვერ ახსნა და ვერ დაასახელა ის მასალები, რომლის საფუძველზეც მან ჩაატარა აღნიშნული რევიზია, ვერ გასცა პასუხი იმ კითხვებს, თუ რა შემხებლობა ჰქონდა ამ თანხასთან გიორგი უგულავას, ვერ გამიჯნა ერთმანეთისგან კანონიერად, და არა მის მიერ მიჩნეულ კანონიერად გახარჯული თანხები ერთმანეთისაგან. ამ დაკითხვის შედეგი ის იყო, რომ მეორე რევიზორი, რომელიც მოყვანილი ჰყავდა ბრალდების მხარეს, სასწრაფოდ მოხსნა დღევანდელი პროცესიდან “, – განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა.
ბრალდება დარწმუნებულია, რომ დასკვნა მოსამართლეს დაარწმუნებს უგულავას ბრალეულობაში.
„სახელმწიფოს კუთვნილი 48 მილიონი ლარი პარტიული ინტერესებისთვის გაიფლანგა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ საარჩევნო პერიოდში.
რევიზორს თავისი, ასე ვთქვათ, ანგარიში მომზადებული აქვს წელიწადნახევრის წინ. მას შემდეგ უამრავ კვლევაში მონაწილეობდა, შეუძლებელია ფიზიკურად წელიწადნახევრის წინ ჩატარებულ დასკვნებთან დაკავშირებით ყველა ციფრი, თარიღი, მიმართვა, ყველა დეტალი გახსოვდეს კომპიუტერული სიზუსტით“, – განაცხადა პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ.