სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების საწარმოები 1000-1000 ლარით დააჯარიმა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულმა სამმართველოებმა რამდენიმე ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინსპექტირება ჩატარდა მცხეთაში, ი/მ “გია მამულაშვილის” ხორცის სარეალიზაციო ობიექტში, ახალციხის რაიონის სოფელ სხვილისში – ი/მ “მარიამ პოზოიანის” საცხობსა და გორში, ხორცის გაყინული ნახევარფაბრიკატების საწარმოში (შპს “გაამოთ”).
გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – ანტისანიტარია, საგნებისა და აღჭურვილობების არასათანადო დასუფთავება-დეზინფიცირება, კონდენსატის დაგროვება მაცივარში. გარდა ამისა, შპს-დან “გაამოთ” ამოღებული და დალუქულია 305 კგ სუბპროდუქტი ჯანმრთელობის ნიშანდების – ფორმა #2-ის გარეშე.
აღნიშნულ ბიზნესოპერატორებს კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.