GITA-მ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისათვის, ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობისათვის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 3 საგრანტო პროგრამა ჰქონდა გამოცხადებული, რომელზეც, საერთო ჯამში, 1,816,000 ლარი გამოიყო.
საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა გამართა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტების ბაზაზე 2 სამრეწველო ინოვაციის ლაბორატორია (ფაბლაბი) უნდა შეიქმნას საინჟინრო და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით.
ფაბლაბები აღჭურვილი იქნება უახლესი დაზგა-დანადგარებით (3D პრინტერებით, 3D სკანერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით, სხვა დანადგარებით), კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით.
ფაბლაბში ღია წვდომის საშუალება ექნებათ როგორც სტუდენტებს, ასევე ნებისმიერ ფიზიკურ პირს.
ლაბორატორიაში მათ შეეძლებათ ციფრულ ფორმატში შექმნილი სასურველი ტექნოლოგიური პროდუქტის მატერიალიზაცია და დაზგა-დანადგარების გამოყენებით პროტოტიპის შექმნა.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება 3 ინოვაციების ლაბორატორიის ფორმირება კერძო სექტორის ჩართულობით.
ინოვაციების ლაბორატორიების შექმნის მიზანია უნივერსიტეტების ბაზაზე პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების განხორციელება, კერძო ბიზნესის და საგანმანათლებლო დაწესებულების მჭიდრო თანამშრომლობისთვის პლატფორმის ჩამოყალიბება.
ინოვაციების ლაბორატორიები შეიქმნება მობილური აპლიკაციების, კომპიუტერული თამაშების ასევე კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების მიმართულებით.
ასევე გამოცხადებული იყო მინიგრანტების პროგრამა, რომლის მიზანია ინოვაციური იდეების კომერციალიზაციის ხელის შეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები