ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში; ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას

“ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონცეფციაში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი ექნება დაკავებული რეგიონულ უნივერსიტეტებს, მათ შორის შოთა მესხიას უნივერსიტეტს.

„ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების მუდმივი და მასშტაბური განვითარება შესაბამისად, გვექნება ბევრი სიახლე ამ უნივერსიტეტისთვისაც მომდევნო წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდის უნივერსიტეტი ახალი ინფრასტრუქტურით, მომავალშიც დიდ წვლილს შეიტანს მაღალკვალიფიციური თაობის აღზრდაში. ამ უნივერსიტეტს აქვს გამორჩეული როლი ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მინდა ყველას გისურვოთ, რომ გამთლიანებულ საქართველოში ამ უნივერსიტეტმა შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აღზარდოს ჩვენი მომავალი თაობები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები