ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოდან კიდევ ერთი ასეული გაემგზავრა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოდან კიდევ ერთი ნაკრები ასეული გაემგზავრა. ასეულის გაცილების ცერემონიალი ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. მე-4 მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ქართული ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალს დაესწრნენ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბერნარდ ჰოპი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი მაქსიმიალიან ედერი და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები. მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული საერთაშორისო მისიას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მაზარ-ი-შარიფში, გერმანული კონტინგენტის დაქვემდებარებაში შეასრულებს.
ქართულმა სამხედროებმა მომზადება ნოემბერში დაასრულეს. მათ საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიაში 5-თვიანი სწავლება რამდენიმე ეტაპად გაიარეს. გერმანელი ინსტრუქტორების მიერ სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეფასდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები