„თეატრი არის მსახიობის, მაგრამ მსახიობს სჭირდება მაყურებელი…“

       „სამი წლის ასაკიდან სიმღერაზე დედაჩემმა, სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან მატარა. ფესტივალები, კონცერტები, გასტროლები სულ თან მახლდა. მართალია, მაშინ პროფესიაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ სცენაზე სიმღერამ გადაწყვიტა სკოლა-სტუდია „ბერიკებში“ შესვლა. „ბერიკებმა“ კი უკვე პროფესიის არჩევა.
ერთ კურიოზს გეტყვით, სიმღერის პარალელურად ჩოგბურთს ვთამაშობდი. ტურნირზე რომ გავდიოდი და ვაგებდი, რეაქცია არ მქონდა, პირიქით ვმღეროდი. მშობლებმა გამომიყვანეს, მიხვდნენ, რომ ჩოგბურთი ჩემი საქმე არ იყო, რადგან სცენით და სიმღერით ვცხოვრობდი.“ – მსახიობი ანა ზამბახიძე.

– აღმოჩნდი მუსკომედიის ფაკულტეტზე…
– მისაღები გამოცდების დროს სერიოზული ბარიერები მქონდა. დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტზე ვაბარებდი.  ექვსი ადგილი იყო და შვიდი გოგო ვიყავით მაღალი ქულებით. გიგა ლორთქიფანიძემ მუსკომედიის ფაკულტეტი შემომთავაზა. შეიძლება ითქვას, რომ სრულიად ამოყირავდა ჩემი ცხოვრება. ახლა კი მრცხვენია, მაგრამ მაშინ არც ვიცოდი, სად იყო მუსკომედიის თეატრი. თუმცა, დღეს ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორად გადაწყდა ყველაფერი. სიმღერა, ცეკვა, თამაში – უფრო ჩემია.
მესამე კურსზე, სადიპლომოზე რომ ვმუშაობდით, სკოლა-სტუდია „ბერიკებიდან“ გოგი თოდაძე მოვიდა და კიდევ უფრო საინტერესო გახდა ჩემთვის ეს მიმართულება.
– სპექტაკლი „ჩვენ გველის დიდება“…10685293_777668048948916_801103717_n
– თეატრალურ ინსტიტუტში მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. სპექტაკლი „ჩვენ გველის დიდება“, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ, მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე გავაცოცხლეთ, 13 წლის წინ, ინსტიტუტში ვითამაშეთ. დღეს სპექტაკლში „როლიკების“ ეპიზოდი“ რომ არის, მისაღებ გამოცდაზე მართლა გავაკეთე. მანანა ბერიკაშვილმა ეს ეპიზოდი მთლიანად ჩასვა სპექტაკლში.
პარალელები 13 წლის წინანდელ და დღევანდელ სპექტაკლებს შორის ძალიან საინტერესოა. მსახიობები, რომლებთან ერთადაც მაშინ ვთამშობდი, ჩემზე უფროსები და გამოცდილები იყვნენ. ახლა კი ვთვლი, რომ მათი ჯგუფელი ვარ, მაგრამ მაშინ ერთი დიდი ოჯახი იყო, სადაც მე – სტუმარი მივედი.
არის ბევრი პლუსიც და მინუსიც. მაშინ, მესამე კურსზე ვიყავი და რაღაცებს დაუფიქრებლად ვაკეთებდი, ბევრს არ ვფიქრობდი. ახლა უკვე თითოეულ ქმედებაზე ვფიქრობ. თუმცა, მუხტი, რაც მაშინ მქონდა, მგონია, რომ დღეს არ მაქვს. ეს იყო სტუდენტური სათქმელი. სპექტაკლში გადმოცემული პრობლემები ჩვენთვის მაშინ უფრო ახლობელი იყო. ამ თაობისთვის ცოტა გაუგებარია. წამალი, იარაღი მაშინ უფრო აქტიური იყო, დღეს შედარებით მსუბუქად უყურებენ ამ პრობლემებს.
– 31 წლის და 45 როლი…
– არანორმალურად მიყვარს შრომა და მაქვს პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. სულ მეჩქარება. ტემპიც და რეჟიმიც ფაქტობრივად ერთნაირი მაქვს. ერთი სპექტაკლიდან გავრბივარ მეორეზე და ა.შ. რაც არ მღლის. ტელევიზიაში ვახმოვანებ მულტფილმებს და სერიალებს…
– შეგიძლია, რომელიმე სპექტაკლი გამოარჩიო?10859648_777668045615583_114340468_n
– დავით დოიაშვილის სპექტაკლი „სირანო დე ბერჟერაკი“. პაპანაქება ზაფხულში  სამი თვე ვმუშაობდით. სირანო დე ბერჟერაკის  როლს  ზურაბ ყიფშიძე თამაშობდა. ზურა და დოი ერთად, ეს არის ძალიან დიდი სკოლა. დოისთან მუშაობის გამოცდილება მქონდა და იცოდა, როგორ უნდა ელაპარაკა ჩემთან, მაგრამ ზურასთან სულ დაძაბული ვიყავი, არადა, მინდოდა მასთან მუშაობით სიამოვნება მიმეღო. ზურას ძალიან ბევრი ფერი აქვს და ხშირად ცვალებადი. სულ მზად უნდა იყო, რომ არ დაიბნე. ამ რეპეტიციებმა დიდი პრაქტიკა მომცა და ძალიან გამზარდა.
– როლი, რომელზეც ოცნებობ…
– ჯეინ ეარი – ჩემი ოცნების როლია. ისეთი აღნაგობა და სახასიათო მონაცემები მაქვს, 45 როლიდან, ალბათ, ერთი ან ორი როლი ვითამაშე ზრდასრული ქალის. ამიტომ, არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა ოდესმე…
– პარტნიორები სცენაზე…
–  დიდი მნიშვნელობა აქვს სცენაზე პარტნიორს. მან შეიძლება, ისეთი რამ გაგაკეთებინოს, რაზეც არ გიფიქრია. თუნდაც, ზურაბ ყიფშიძის მაგალითი რომ მოვიყვანე. პარტნიორების უფროსი თაობა ჩემთვის დიდი სკოლაა. დღემდე ვსწავლობ. მათთან ერთად ვიზრდები. ზოგადად, ამ საკითხს, მგონი ცოტა ყურადრება ექცევა. დათა თავაძესთან „ზამთრის ზღაპარზე“ რომ ვმუშაობდი, სავარჯიშოები გვქონდა და 10 დღე  მხოლოდ ერთმანეთის შეგრძნებებს მივუძღვენით, რაც ქმნის შემდეგ სპექტაკლს. სპექტაკლი კი გამოვიდა ანსამბლური ნამუშევარი. არ ვიცი, ჩემთან როგორ გრძნობენ თავს ჩემი პარტნიორები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე პარტნიორთან დისკომფორტი არ მქონია. სულ მახსოვს მანანა ბერიკაშვილის სიტყვები, რაც ყველა მსახიობმა კარგად უნდა გაითავისოს: მე ვთამაშობ მისთვის და ის თამაშობს ჩემთვის. მხოლოდ მაშინ არის შედეგი. სხვა შემთხვევაში, მე თუ ჩემთვის ვთამაშობ მონოსპექტაკლს და ის თავისთვის, გამოდის ბევრი მონოსპექტაკლი…
– რეჟისორები…10846941_777668035615584_97717249_n
– ძალიან ბევრ რეჟისორთან ვიმუშავე, მაგრამ თითზე ჩამოსათვლელები არიან, რომლებთანაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
დოი არის რეჟისორი, რომლისაც უსიტყვოდ მესმის. ტემპი – სიჩქარე ფაქტობრივად ერთნაირი გვაქვს ორივეს. მსიამოვნებს მანანა ბერიკაშვილთან მუშაობა. მუშაობამდე და მუშაობის შემდეგ,  მასთან სპექტაკლზე საუბარი ცალკე გზრდის. მაია ჩართოლანის ყველაზე დიდი პლუსი ალბათ, ის არის, რომ იგი მსახიობია. ზუსტად იცის, რა გჭირდება. დათა თავაძესთან ძალიან მეშინოდა მუშაობა. პირველად ვიმუშავე ახალგაზრდა რეჟისორთან. მის სპეციფიკას არ ვიცნობდი, იმიტომ რომ მე ეს არ გამივლია. ვარჯიშები, მუშაობის სტილი, განსხვავებული და ინდივიდუალური ხედვა აქვს.
– პრემიერამდე და პრემიერის შემდეგ…
– პრემიერემადე 10 დღით ადრე  აბსოლუტურად მიუკარებელი ვარ. ხმა არ უნდა გამცეს არავინ. მე თვითონ არ მიყვარს მსგავსი თვისებები, მაგრამ სახლში იციან, რომ დილა მშვიდობისა არ უნდა მითხრან. ვერ ვჭამ ვერაფერს და აუცილებლად ვიკლებ წონაში. იმ 10 დღის განმავლობაში, საერთოდ არ ვიცი, რა ცხოვრებას გავდივარ. მაგრამ საკმარისია სცენაზე შევიდე, რომ ყველაფერი ქრება. პრემიერის შემდეგ, ძალიან კარგია მილოცვები, მაგრამ იმდენად ვიღლები, ვარ აბსოლუტურად ძალაგამოლეული და დასუსტებული. მე უნდა ამოვიდე, ერთი საათი უბრალოდ ვიჯდე და დავისვენო.
– ქართველი მაყურებელი…10836205_777668042282250_353392215_n
– პირველ რიგში, მოზარდმაყურებელთა თეატრის მაყურებელზე უნდა ვთქვა. ბავშვები – ყველაზე რთული და ყველაზე საინტერესო მაყურებელია. ვერასოდეს ვერაფერს ვერ მოატყუებ. ზუსტად იციან, როდის ნამდვილად ტირი და როდის იტყუები. თოვლის დედოფალ გერდას ვთამაშობდი, სასახლეში რომ შევდივარ, ვტირი. არასდროს დამავიწყებდა, როგორ სლუკუნებდნენ, ჩემთან ერთად, როგორ ტიროდნენ და განიცდიდნენ. ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს მაყურებელი. გულწრფელები არიან და მსახიობი იღებ, იმას, რაც გჭირდება.
უფროსი თაობის მაყურებელს რაც შეეხება, მგონია, რომ დაღლილები არიან და არ შეუძლიათ სერიოზული, დრამატული სპექტაკლების მოსმენა. მათ უნდათ მხოლოდ კომედია. მუსკომედიის თეატრში სპექტაკლს „გაყრას“ ვთამაშობთ. არ არსებობს, რომ ერთი-ორი კვირით ადრე ბილეთები გაყიდული არ იყოს. ალბათ, მძიმეა ცხოვრება, ხალხს განტვირთვა და მსუბუქი სპექტაკლები სჭირდებათ. ეს ცუდია, რადგან არის სპექტაკლები, სადაც გინდა, რომ მაყურებელი მოვიდეს. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ყველა თეატრს აქვს და ამიტომ, გადაერთნენ „კაპუსტნიკების“ დადგმაზე. მაყურებელი ეჩვევა ამას. ჩემთვის მტკივნეულია, რომ ერს სიამოვნებს „ქლაბშოუს“ ყურება. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ეს არ უნდა იყოს, მაგრამ მასა არ უნდა იყოს, ამით დაინტერესებული.
– როგორი გინდა იყოს, ქართული თეატრი?
– ძალიან მინდა, რომ ყველა თეატრში იყოს მსახიობის პატივისცემა. დღეს, მთავარი პრობლემა ეს არის. იმიტომ, რომ თეატრი  მსახიობის არის.
ახლა ფოთში და ზუგდიდში ვიყავით გასტროლებზე და მათ თეატრებს არ აქვთ გათბობა, საგრიმიორო. გულწრფელად შემეცოდნენ იმ დასის წევრები. არ ჰყავთ მაყურებელი. ძალიან მინდა რომ თეტარებს კარგ სპექტაკლებზე ჰყავდეთ მაყურებელი. თეატრი არის მსახიობის, მაგრამ მსახიობს სჭირდება მაყურებელი.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები