ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო უწყება“: თბილისი ჩვენთან პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობას ზღუდავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმაურება. შეგახსენებთ, ზაქარეიშვილმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ნებისმიერი ფორმით დიალოგისთვის მზადაა, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლებასთან“.
„ამასთან, ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ აფხაზ და ოს საზოგადოებაზე მოახდინა ყურადღების კონცენტრაცია, რამაც ადამიანებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას და ნდობის გაღრმავებას შეუწყო ხელი. მინისტრის თქმით, გადადგმულია საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები, როგორიცაა: გაზიფიცირება, წყალმომარაგება, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა, გზების რეაბილიტაცია. საქართველოს მთავრობის მორიგი ინსინუაციები, რომლებსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვთ, მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას ოსებთან ურთიერთობების მოგვარებაში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო უწყების“ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო 5 წლის განმავლობაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებაზე კატეგორიულად უარს აცხადებს. ეს გარემოება თბილისის მთავრობის გეგმებზე მეტყველებს – ნებისმიერი და მათ შორის ძალისმიერი საშუალებით სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში იძულებით შესვლას მიაღწიოს და ზღუდავს ჟენევის მოლაპარაკებების მიღმა სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი კონტაქტების საშუალებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, რომ „საქართველოში ცხოვრების დონე ბევრად დაბალია, ვიდრე მათ ტერიტორიაზე და რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტებში“.
„რაც შეეხება გაზიფიცირებას, სოციალური, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას და პოსტკონფლიქტურ რეაბილიტაციას, აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობისა, რაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რაიონების ეკონომიკური აღდგენის შესახებ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის 1993 წელს გაფორმებულ შეთანხმებაშია აღნიშნული, საქართველოს სამხრეთ ოსეთში დანგრეული ობიექტების რეაბილიტაციისთვის არ გამოუყვია არც ერთი რუბლი. დღეს ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სამხრეთ ოსეთს რეაბილიტაციაში დახმარება გაუწია – რუსეთის ფედერაციაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჩვენ ყოველთვის საქართველოსთან თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის სურვილით გამოვდიოდით და გამოვდივართ. სამწუხაროა, რომ ჩვენს გზავნილს საქართველოს მთავრობა არ გამოხმაურებია“, – აღნიშნავენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროში“.