კახა კალაძისთვის ხაჯიმბას მიერ „ენგურჰესთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გაუგებარია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადება, რომ “ენგურჰესის” ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძისთის გაუგებარია.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც 2004 წელს მხარეებს შორის გაფორმდა აფხაზური მხარე „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 პროცენტს ისედაც იღებს.
„მე ხაჯიმბას განცხადების შინაარსი ვერ გავიგე, ის ელექტროენერგიის 40 პროცენტის აღებაზე საუბრობდა და მათ ეს ელექტროენერგია უკვე მიაქვთ. აფხაზეთი წორედ “ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება.“ენგურჰესი“ საქართველოს მფლობელობაშია – კაშხალი ჩვენ ტერიტორიაზეა, ხოლო აგრეგატები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტილება ადრევე იქნა მიღებული, რომ ჩვენი მხრიდან აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება მოხდებოდა სრულიად უსასყიდლოდ და ჩვენ ამას დღესაც ვაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაული ხაჯიმბა მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, ხაჯიმბას თქმით, მთავარი ენერგოობიექტის, „ენგურჰესის“ კუთვნილების საკითხი რთული, მაგრამ მოგვარებადია. მისივე თქმით, საწარმოს მფლობელად აფხაზური მხარე უნდა გამოცხადდეს და დოკუმენტურად უნდა განისაზღვროს იმ ენერგიის წილი, რომელსაც აფხაზეთი მიიღებს ენგურჰესიდან. „სამწუხაროდ, დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი არ გაკეთებულა იმისთვის, რომ ეს ობიექტი ჩვენს კუთვნილებაში ყოფილიყო“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები