“ენგურჰესის მოხმარების ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, აბსოლუტურად მისაღები უნდა იყოს ორივე მხარისთვის”

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებას, რომ “ენგურჰესის” ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.
კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ “ენგურჰესის“ მოხმარების ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, ორივე მხარისთვის აბსოლუტურად მისაღები უნდა იყოს. მინისტრის თქმით, “ენგურჰესი” არის ის ძალიან მცირე რგოლთაგანი, რომელიც დღესაც საშუალებას იძლევა, რომ გარკვეული კავშირი შენარჩუნდეს აფხაზეთის მოსახლეობასთან.
“ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გახდება მოსახლეობის შემაკავშირებელი და არა გამყოფი. ამიტომ, ამ ტიპის ნებისმიერი განცხადება არ უნდა ატარებდეს არავითარ შემთხვევაში რაღაც ულტიმატუმის მსგავს ხასიათს. ვფიქრობ, ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს ენგურჰესის მოხმარების, უნდა იყოს აბსოლუტურად მისაღები ორივე მხარისთვის”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაული ხაჯიმბა მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, ხაჯიმბას თქმით, მთავარი ენერგოობიექტის, „ენგურჰესის“ კუთვნილების საკითხი რთული, მაგრამ მოგვარებადია. მისივე თქმით, საწარმოს მფლობელად აფხაზური მხარე უნდა გამოცხადდეს და დოკუმენტურად უნდა განისაზღვროს იმ ენერგიის წილი, რომელსაც აფხაზეთი მიიღებს ენგურჰესიდან. „სამწუხაროდ, დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი არ გაკეთებულა იმისთვის, რომ ეს ობიექტი ჩვენს კუთვნილებაში ყოფილიყო“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები