სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეთა დეპორტაციის პროცესს აკვირდება
სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის პროცესს მონიტორინგს უწევენ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებასას ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების ვალდებულება ეკისრება.
პროცესის კანონით დადგენილი ნორმების შესრულებისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად, სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება დეპორტაციის პროცესებს მონიტორინგი გაუწიოს.
ამ მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა: დანიელ მგელიაშვილმა და ლევან ბეგიაშვილმა ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 18 მოქალაქის დეპორტაციის პროცესის მონიტორინგი განახორციელეს.
საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან გადმოსაცემი დეპორტირებული პირები საფრანგეთისა და პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადასცა. თბილისი – პარიზი – ვარშავა – თბილისი მარშრუტით საჰაერო მგზავრობამ მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს ძალა ან რაიმე სახის სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია. სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას არც დეპორტირებულებს გამოუთქვამთ პრეტენზია. მონიტორინგის შედეგად, დეპორტირებული პირების უფლება დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.