კომპოზიტორთა კავშირის ირგვლივ სკანდალი გრძელდება – გამგეობამ კომპოზიტორებს სასამართლოში უჩივლა
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი მათივე წევრებს – ბარამ ბარამიძესა და ვაჟა აზარაშვილს სასამართლოში უჩივის. კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა აღნიშნულ პირებს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
გამგეობამ რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ კავშირის წინააღმდეგ კვლავ განახლდა ცილისმწამებლური ბრალდებები ბარამ ბარამიძისა და ვაჟა აზარაშვილის მხრიდან. კერძოდ, როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ბარამ ბარამიძემ და ვაჟა აზარაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს მოთხოვნით, რომ შეჩერდეს ბორჯომის კომპოზიტორთა შემოქმედებითი სახლის კავშირისთვის დაბრუნების საკითხის განხილვის ყოველგვარი მცდელობა, რადგან კავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა თვითნებურად, ერთპიროვნულად და კავშირის წესდების სრული დარღვევით მოქმედებს.
საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობაში ბარამიძე-აზარაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მათი გავრცელება სახელისუფლებო სტრუქტურებთან, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ბორჯომის კომპოზიტორთა შემოქმედებითი სახლის კავშირისთვის დაბრუნების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ართულებს.
„ვაცხადებთ, რომ კავშირში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი პროცესი, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობა, ფართის საიჯარო ხელშეკრულებების საკითხი, შემოქმედებითი პროექტები და სხვა, ხორციელდება კავშირის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ეჭვის აღმძვრელი უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელება ართულებს თანამშრომლობას სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურასთან, რომლებთანაც გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა და მოლაპარაკებები, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ბორჯომის კომპოზიტორთა შემოქმედებითი სახლის კავშირისთვის დაბრუნების თაობაზე. საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობა აღშფოთებულია კავშირის წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიით, რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს კავშირისათვის ზიანის მიყენებას. გამგეობა სასტიკად გმობს ყოველგვარ ცილისმწამებლურ და კავშირისა და მისი ხელმძღვანელობის რეპუტაციის შემლახველ ქმედებებს, როგორც კავშირის წევრთა, ასევე, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა მხრიდან“, – აღნიშნულია კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის სხდომაზე მიღებული რეზოლუციაში, რომელსაც ხელს აწერს კავშირის თავმჯდომარე კახა ცაბაძე, მოადგილეები: გომარ სიხარულიძე, მარინა ქავთარაძე და გამგეობის 15 წევრი.
კავშირის მიერ ცილისწამებაში დადანაშაულებული წევრი ბარამ ბარამიძე კი დოკუმენტს ცილისმწამებელთა რეზოლუციას უწოდებს. ბარამიძის განმარტებით, რეზოლუციაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსადმი გაგზავნილი წერილის ტექსტიდან მოტანილი ციტატა – „შეჩერდეს ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის კავშირისათვის დაბრუნების ყოველგვარი მცდელობა“ – არაზუსტი, კონტექსტიდან ამოვარდნილი და ცილისმწამებლურია.
„მისი სრული ტექსტი კი, სწორედაც რომ ზუსტად ასახავს კავშირში მიმდინარე დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც უკვე ექვსი წელია, ავტორიტარიზმის, წესდების ფუნდამენტალური მუხლების უხეში დარღვევების, სარეზერვო კომისიის კრიტიკულ დასკვნათა, გამგეობის და კავშირის წევრთა მოთხოვნების სრული იგნორირების მანკიერ ქმედებათა ფონზე მიმდინარეობს. გამგეობის უკანასკნელ სხდომაზე გამოიკვეთა, რომ ჩვენი მოთხოვნის პასუხად კავშირის თავმჯდომარე შეუთანხმებლად აწარმოებს საეჭვო მოლაპარაკებებს და ზეპირი განცხადებებით გვესაუბრება ბორჯომის სახლის აუქციონზე გატანაზე, ტენდერისა და აუდიტის თაობაზე, რომელმაც თურმე ფასის კლების რეჟიმში სახლის ღირებულების ახალი მონაცემები უნდა დაადგინოს“, – ამბობს ბარამიძე.
ამასთან, იგი აცხადებს, რომ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მიერ მიღებული რეზოლუციის დოკუმენტს არ გააჩნია თარიღი, დღის წესრიგი, ორგანიზაციის დამადასტურებელი ბეჭედი და ასევე კანცელარიაში რეგისტრაცია არ გაუვლია. ბარამიძე მიიჩნევს, რომ რეზოლუციაზე ხელმომწერი წევრების რეაქცია უტყვი და გამაოგნებელია.
მისივე თქმით, ის და ვაჟა აზარაშვილი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გამგეობის სხდომებს არ აცდენენ, თუმცა სხდომას, რომელზეც რეზოლუცია მიიღეს, არ დასწრებიან. ბარამიძე გამოთქვამს ეჭვს, რომ კავშირმა გამგეობის თარიღი მიზანმიმართულად დაამთხვიეს პერიოდს, როდესაც აზარაშვილი მოსკოვში კონცერტის ჩასატარებლად იმყოფებოდა, ხოლო თავად მას, ბარამიძეს გადაუდებელი პრობლემა ჰქონდა. თუმცა ბარამიძის განცხადებით, მან კავშირის გამგეობას სხდომის თარიღის ერთი კვირის გადადების თხოვნით მიმართა, რაც არ დააკმაყოფილეს.
„ჩვენი დასწრება არც აწყობდათ, რადგან განსახილველი საკითხი ერთადერთი ყოფილა – ჩვენი გაკიცხვა, რასაც უჩვენოდ უკეთ განახორციელებდნენ. ნუთუ გამგეობის არცერთ წევრს აზრადაც არ მოსვლია, რომ, როგორც აუცილებელი ნორმა, მოიწნააღმდეგის აზრიც მოესმინა. კავშირის დღვანდელ თავმჯდომარეს ცუდი ზრახვები ამოძრავებს. მმართველობის მანძილზე სიკეთე ვერ მოუტანა მის წევრებს და გამუდმებით ფინანსური უქონლობით იმართლებს თავს მაშინ, როდესაც ბოლო ხანს აღმოჩნდა, რომ კარგა ხანია კავშირის ბიუჯეტი ფართის გაქირავების ხარჯზე გაზრდილია და 100 ათას ლარს გადაუჭარბებია“, – ამბობს ბარამ ბარამიძე.
იგი კომპოზიტორთა კავშირი წევრებს მოუწოდეს, გააქტიურდნენ და უსამართლობა არ მოითმინონ.
„იფიქრეთ, იზრუნეთ, გვერდზე ნუ გადგებით! თქვენი ადგილი კავშირის შენობის დარბაზებში, დღემდე უფუნქციო, დამუნჯებულ ხმის ჩამწერ სტუდიაში, მუსინფორმის, ქართველ კომპოზიტორთა და მუსიკათმცოდნეთა მომავალ მუზეუმში, მუსფონდის ფართებსა და სტამბაში, მოსკოვის პროსპექტზე გავერანებულ, მაგრამ თქვენი თანხმობის გარეშე გაქირავებულ ფართებშია, დაბოლოს, წინა ხელისუფლების მიერ ძალადობის გზით წართმეულ ბორჯომის შესანიშნავ სახლში, რომელსაც ერთად დგომით და დიდი ძალისხმევით დავიბრუნებთ! ბრძოლა ყოველთვის ღირს, ნუ დავრჩებით ჭაობში!“, – მიმართავს ბარამიძე კავშირის წევრებს.