ოზურგეთის სოფლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებები გადასცეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის სოფლებში დახმარების სახით საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საოჯახო ნივთები და საკვები პროდუქტები დაარიგეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის რაიონის გამგეობის პრესცენტრი ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის დადგენილების შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 მაისის ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს გადაუდებელი პირველადი დახმარება გადაეცემათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ათი ასეთი ოჯახი შეირჩა: სოფელი ჭანიეთი – იოსებ კაპანაძე, ბახვი – კახაბერ შარაშენიძე, შემოქმედი (გომი) – ზაზა ყაზაიშვილი, გურიანთა – თეიმურაზ კვირკელია, მერია – ირმა კუხალეიშვილი და ვენერა გიორგაძე, ნატანები – გიორგი შუკაკიძე, ლაითური – ნოდარ ცეცხლაძე, ჯუმათი – შორენა გოგრიჭიანი, შრომა – ეკატერინე ზავრაშვილი.