თიბილოვი: მოსკოვთან შეთანხმება სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში პირდაპირი შესვლის დიაპაზონში განიხილება

მსოფლიოში პოლიტიკური პეოცესები ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ახალი შეთანხმების გაფორმების აუცილებლობას გვკარნახობს. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მომავალი შეთანხმების თაობაზე უკვე არსებობს წინადადებები, რუს კოლეგებთან წინასწარი კონსულტაციებია ჩატარებული.
„ახალ შეთანხმებაზე მუშაობა დავიწყეთ, სამხრეთ ოსეთის სპეციალისტებს დაევალათ რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციის კოლეგებთან ერთად კონსულტაციების ჩატარება. მე წინადადებით გამოვედი, რომ მომავალი შეთანხმება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში პირდაპირი შესვლის დიაპაზონით დაიწყოს და დამთავრდეს მსოფლიოში არსებული სხვა ფორმების განხილვით. არსებობს პოლიტიკური სახელმწიფოების თანაარსებობის ბევრი ფორმა. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამ კითხვაზე პასუხს მივიღებთ“, – განაცხადა თიბილოვმა.
„მომავალი შეთანხმების საფუძველში ასევე რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთს შორის სასაზღვრო რეჟიმის საკითხი შევა. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი დაგვეხმარება ქვემო ზარამაგში გამშვები პუნქტის მოხსნის საკითხში“, – აღნიშნა თიბილოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც რუსეთთან, რომელთანაც ე.წ. სამხრეთ ოსეთს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა, მომავალი ურთიერთობის საკითხები საფუძვლიანად უნდა შემუშავდეს.
„არსებობს ასევე გარკვეული საფრთხეები და გამოწვევები სამხრეთ ოსეთის მიმართ. მთავრობის შეცვლის მიუხედავად, ქართული მხარის აგრესიულ პოლიტიკაში არაფერი შეცვალა, მიმდინარეობს ქართული შეიარაღებული ძალების აქტიური შეიარაღება და საქართველოსთვის შესაძლო თავდასხმის ობიექტი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რჩება“, – განაცხადა თიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები