იანუკოვიჩის მრჩეველი: პრეზიდენტი არ გადამდგარა

პრეზიდენტ იანუკოვიჩის მრჩეველმა, რადის დეპუტატმა ანა გერმანმა ინფორმაცია ვიქტორ იანუკოვიჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უარყო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო პორტალი “zn.ua” ავრცელებს. როგორც ანა გერმანმა ჟურმანისტებს განუცხადა, პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია და გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია, ოპოზიციის მხრიდან სპეკულაცია და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაა. მისივე თქმით, იანუკოვიჩი ამ დროისთვის ხარკოვში იმყოფება.
„მე პირადად ვესაუბრე პრეზიდენტს. მას დაურეკა რადის ახალმა სპიკერმა ტურჩინოვმა და ჰკითხა, აპირებდა თუ არა ის გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას? რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მან უკვე გააკეთა განცხადება, თუმცა სულ სხვა შინაარსის შემცველი“, – განაცხადა ანა გერმანმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადადგომის შესახებ ინფორმაცია რადის დეპუტატების მხრიდან გავრცელდა. ფრაქცია „ბატკივშინას“ წევრმა ვიაჩესლავ კირილენკომ განაცხადა, რომ იანუკოვიჩი თანამდებობიდან გადადგა.
ამ დროისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური მიუწვდომელი რჩება. გათიშულია იანუკოვიჩის ოფიციალური ვებგვერდიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები