კარასინი: საქართველოს ნატოსთან დაახლოებამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მეკავშირეობის შეთანხმების გაფორმების სურვილი გამოიწვია

საქართველოს ნატოსთან დაახლოებამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მეკავშირეობის შეთანხმების გაფორმების სურვილი გამოიწვია. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
გარდა ამისა, კარასინმა აღნიშნა, რომ ალიანსთან დაახლოება რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„საქართველოს და ნატოს დაახლოებამ თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ააღელვა. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯების გადადგმით მშვიდობას მსოფლიოში და რეგიონში უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. ვიმედოვნებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდში მხარეთა მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მომზადებაში პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ. ეს ჟენევის დისკუსიების მთავარი ამოცანაა“, – განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდის ფარგლებში დღეს მთავარი შეხვედრები იმართება. კონსულტაციები გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს ეგიდით, დე ფაქტო აფხაზეთის, საქართველოს, რუსეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები