საგამოძიებო სამსახურმა დევნილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს „NBG“-ის დირექტორები – ნ. ე. და ა. ხ. ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი თ. მ. ამავე სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი რ. ს. და საფინანსო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ა. გ. როგორც „კვირას“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „NBG“-ს ხელმძღვანელები, ლტოლვილთათვის ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილს 1 081 611 ლარს.
მათივე თქმით, სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ შეამოწმეს სამშენებლო სამუშაოები და ყალბი აქტები დაადასტურეს ხელმოწერით. „ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და სამინისტროს სასარგებლოდ არ მოითხოვა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია – 211 200 ლარი, რითაც სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 180-ე, 332-ე, 342-ე და 362-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები