დავით ნარმანია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე, დავით ნარმანია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრები აბისის, ბრეძას, ავლევისა და ხურვალეთის მცხოვრებლებთან შედგა.
როგორც „კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მოქალაქეები აქტიურად ინტერესდებოდნენ პროგრამებით, რომელთა განხორცილებასაც ხელისუფლება საქართველოს სოფლებში აპირებს აგრარული, სოციალური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. სოფელ ბრეძაში მინისტრმა დაათვალიერა ახალი ამბულატორიისთვის დასამონტაჟებლად მომზადებული ტეროტორიაც, სადაც, მოკლე ხანში, სამედიცინო დაწესებულება, 81 ახალი ამბულატორიის პროგრამის ფარგლებში განთავსდება.
„დღეს ჩვენ ვეცნობით გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას, ვხვდებით მოსახლეობას იმისათვის, რომ უშუალოდ მათგან მოვისმინოთ საჭიროებები, მათ დაასახელონ ის, რაც დღემდე აწუხებთ და რაც მოსაგვარებელია. 2013 წელს ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება განვახორციელეთ ამ რეგიონში, გარკვეული გეგმები გვაქვს 2014 წლისთვისაც და, გვინდა, არსებული რესურსების პირობებში, პრიორიტეტები მაქსიმალურად სწორად შევარჩიოთ, მოსახლეობასთან ერთად დავგეგმოთ შესასრულებელი სამუშოები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სამინისტროს ოინფორმაციით, სოფელ ხურვალეთში, დავით ნარმანია და და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი შეხვდნენ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც გამყოყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ვითარების შესასწავლად იმყოფებოდნენ. მინისტრი მისიის წარმომადგენლებს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრა, რომელსაც ადგილობრივები მავთულხლართების გაბმის შემდეგ აწყდებიან.
„კარგია, რომ ეუთო აქტიურად ინტერესდება აქ მიმდინარე მოვლენებით, ჩვენ ხურვალეთში გასულ წელს წყლის ჭაბურღილის გაკეთება დავიწყეთ. წელს უკვე დაგეგმილია დაქსელვა და სპეციალური რეზერვუარის გაკეთება, რომ ეს პრობლემა მოუგვარდეს ადგილობრივებს. გარდა ამისა, ჩვენ ამ ადამიანებს შემოდგომით მივეცით კომპენსაცია იმისთვის, რომ შეეძინათ შეშა და ზამთრის სეზონი გადაეტანათ. უკვე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები გაზმომარაგების საკითხზე, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო ახორციელებს. პროექტის დასრულების შემდეგ დაიწყება გაზის ქსელის გაკეთება. გარდა ამისა, განხორციელდება სხვა პროექტებიც, თუმცა ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემის გადაჭრა, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეხვედრები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები