უკრაინის აღმოსავლეთით სიტუაცია გამძაფრდა

  გამოცხადებული სამშვიდობო შეთანხმების დაწყებამდე ორი დღით ადრე სიტუაცია დონბასში მკვეთრად დაიძაბა.
სეპარატისტებისა და სამთავრობო ჯარების შეტაკებების შედეგად 8 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა. უკრაინის უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 სამხედრო. როგორც ბრიფინგზე უკრაინის უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, სეპარატისტები უკრაინელი სამხედროების პოზიციების მიმართ სროლებს უფრო დიდი ინტენსივობით აგრძელებენ.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 სამხედრო დავკარგეთ, კიდევ 8 დაიჭრა. უკრაინელი სამხედროები სროლებს არტილერიული დარტყმებით პასუხობდნენ“, – განაცხადა ლისენკომ.
ამასთან, რუსი უფლებადამცველის ელენა ვასილევას ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე 198 რუსი სამხედრო დაიღუპა, 116 კი დაიჭრა.
უკრაინაში სიტუაციის გამძაფრებას ეუთოც ადასტურებს. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკთან სამხედრო ტექნიკის რამდენიმე კოლონა შენიშნეს. ეუთოს მონიტორების ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოჩენილია დაახლოებით 100 სამხედრო სატვირთო მანქანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები