მალაიზიის სანაპიროს ტაიფუნი „ჰაგუპიტი“ უახლოვდება
მალაიზიის სანაპიროს ძლიერი ტაიფუნი „ჰაგუპიტი“ უახლოვდება, – ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება. ტაიფუნი „ჰაგუპიტი“ უკვე გახდა უამრავი მსხვერპლისა და მასშტაბური ნგრევების მიზეზი ფილიპინებში.
მალაიზიის მეტეოროლოგიური დეპერტამენტის ინფორმაციით, შტორმის შესახებ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განაცხადეს.
უწყების მონაცემებით, ქარის სიჩქარე საათში 60 კილომეტრს აღწევს, ტალღების სიმაღლე კი – 4,5 მეტრია. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სტიქიამ, შესაძლოა, ტურისტულ სექტორს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს და მეთევზეობის სფეროზე ნეგატიურად აისახოს.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში ფილიპინებში „ჰაგუპიტის“ დარტყმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.