მიხეილ ლეონტიევი: უკრაინა და საქართველო რუსეთს თავს დაესხნენ

  უკრაინა და საქართველო რუსეთს თავს პირველები დაესხნენ და საკუთარ ტერიტორიებზე ბრძოლები გამართეს, – ამის შესახებ კორპორაცია „როსნეფტის“ პრესმდივანმა, ცნობილმა ტელეწამყვანმა და კრემლთან დაახლოებულმა პირმა მიხეილ ლეონტიევმა განაცხადა.
„რუსი სეპარატისტები არ არსებობენ! ჩვენ პრაქტიკულად თავს დაგვესხნენ! სპეცოპერაციის მიზანი რუსეთის ამ კონფლიქტში ჩათრევაა“, – განაცხადა ლეონტიევმა. ეს განცხადება მან ყირიმის ოკუპაციისა და დონბასში საბრძოლო მოქმედებების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას გააკეთა.
ლეონტიევის აზრით, ეს ოპერაცია აშშ-მ დაგეგმა, რადგან მათ რუსეთთან „ცივი ომის“ დაწყება სურთ. გარდა ამისა, ლეონტიევის თქმით, რუსეთის პოლიტიკა არ არის აგრესიული.
„რუსეთის აგრესიული ქმედებების შემთხვევაში უკრაინა საერთოდ აღარ იქნებოდა“, – აღნიშნა ლეონტიევმა.
ლეონტიევის თქმით, რუსეთს არა მარტო უკრაინა, არამედ, თავის დროზე, საქართველოც დაესხა თავს.
„ქართული ჯარი, პირველ რიგში, რუსი სამშვიდობოების პოზიციებს დაესხა თავს. მოკლულები იყვნენ რუსი ჯარისკაცები. რუსეთი ეროვნებათაშორისო კონფლიქტის არაძალისმიერი გზით მოგვარების გარანტი იყო“, – აღნიშნა ლეონტიევმა.
მან ასევე განაცხადა, რომ განადგურების საფრთხის შემთხვევაში, რუსეთს საკუთარი მტრების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები