მამა გაბრიელის საფლავი უკვე გახსნილია

     მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში მამა გაბრიელის საფლავი  უკვე გახსნილია. მცხეთაში შესასვლელი გზები პოლიციის მიერ გადაკეტილია. მონასტრის ტერიტორიაზე სპეციალური საშვების მქონე პირებს უშვებენ. ტერიტორიაზე წესრიგს სამხედროები იცავენ. ფერიცვალების ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება. სამთავროს ტერიტორიაზე მომლოცველები იმყოფებიან.
ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 12:00 საათისათვის მიბრძანდება და პარაკლისს გადაიხდის.
ღირსი მამა გაბრიელის საფლავის გახსნის სამუშაოები წუხელ ღამით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო 14:00 საათიდან სვეტიცხოველში მომლოცველებს საშუალება ექნებათ პატივი მიაგონ წმინდანს. სვეტიცხოველში საზეიმო ლოცვას კათოლიკოს-პატრიარქი 19:00 საათზე დაიწყებს. შესრულდება ღამისთევის წირვა 24:00 საათზე, 03:00 საათზე და ასევე კვირას, 23 თებერვალს 10:00 საათზე.
წმინდა მამა გაბრიელ სალოსის ნეშტს ორშაბათს, 24 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. შემდეგ წმინდა მამის ნეშტს სამთავროს ფერიცვალების მიძინების ტაძარში გადააბრძანებენ და საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაში დაასვენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები