თბილისის საქალაქო სასამართლომ სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს, 12:00 საათზე, ჩაინიშნა.
პროცესის დაწყებამდე ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადება წაიკითხა, რომელშიც ლილუაშვილი დაუსწრებლობის მიზეზს განმარტავს.
„ჩემ მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. რამდენადაც ვიცი, დღეს ბრალდების მხარე მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. მიმაჩნია, რომ 24 საათში ფიზიკურად ვერ შევძლებ საქმის მასალების გაცნობას. გამოვხატავ პატივისცემას სასამართლოს მიმართ, მაგრამ საქმის მასალების გაცნობამდე, არ მაქვს სურვილი, დავესწრო სასამართლო სხდომას. ჩემს ინტერესებს ჩემი ადვოკატი დაიცავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ, 23 დეკემბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.