ქართული მწიგნობრობის ისტორიის შესახებ კონფერენცია გაიხსნა
თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დღეს ქართული მწიგნობრობის ისტორიის შესახებ ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კონფერენციაზე, რომელიც ანთიმოზ ივერიელის დაბადებიდან 375 წლისა და დავით გურამიშვილის დაბადებიდან 320 წლის იუბილეს ეძღვნება, ქართული წიგნისა და წიგნიერების შესახებ მოხსენებებს წარადგენენ.
დღევანდელი ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ზურაბ გაიპარაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და მოწვეული სტუმრები გამოვიდნენ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, დედაქალაქის საკრებულო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უკვე მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობენ და ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ. თინათინ ნიბლოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საკრებულოს მრავალწლიანი თანამშრომლობის და მეგობრობის ისტორია აქვს. ჩვენ არაერთი პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუდენტებს. საკრებულოში ყოველთვის ვეძებ გზებს, როგორ შეიძლება ჩვენი საქმიანობა დავუკავშიროთ სტუდენტებს, რადგან ვფიქრობ, რომ თბილისის განვითარების ყოველდღიურობაში ახალგაზრდების ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
კონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიხსნა და ხვალ თბილისის საკრებულოში დასრულდება, მომხსენებლები საქართველოს და საზღვარგარეთ არსებული პირველი სტამბებისა და, ზოგადად, ქართული ბეჭდვითი საქმის განვითარების შესახებ, ასევე, საბიბლიოთეკო საქმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ. ამას გარდა, მოეწყობა თსუ ბიბლიოთეკაში დაცული ვახტანგ VI სტამბის წიგნების გამოფენა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრატორები გამართავენ საჩვენებელ სარესტავრაციო სამუშაოს, რომლის მეშვეობითაც ფართო საზოგადოება რესტავრაციის სპეციფიკას გაიცნობს.
ღონისძიებაზე მოეწყობა დავით გურამიშვილის „დავითიანის“ ხელით გადაწერილი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც შესრულებულია თსუ-ს სახელოვანი კურსდამთავრებულების, სამეცნიერო საზოგადოების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა, მათ შორის დედაქალაქის საკრებულოს წევრების მიერ. წიგნს თან ახლავს ილუსტრაციები. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები კრებულის სახით გამოიცემა.