ლაშა მაღრაძე – პრემიერის ინიციატივაზე: სუს-ი იწყებს საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ლაშა მაღრაძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სუს-ი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, – აღნიშნავს პრემიერი.