შალვა ფიფია ბერლინის საერთაშორისო გამოფენას ,,მწვანე კვირეულს“ დაესწრო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 16-18 იანვარს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში მინისტრთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში შალვა ფიფია ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენას „მწვანე კვირეულს“ დაესწრო.
,,მწვანე კვირეული“ (Gruene Woche) სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოფენაში მონაწილეთა და ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
,,მწვანე კვირეულზე“ ჩვენი ქვეყნის სახელით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიებიმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. 2014 წელს, გერმანიასთან ერთად ,,მწვანე კვირეულის“ პარტნიორ ქვეყანას ესტონეთი წარმოადგენს. კვირეულის ძირითადი თემაა ,,სოფლის მეურნეობის გაძლიერება: სტანდარტების დაცვით უზრუნველყოფილი სურსათი და კვება“. გამოფენის ფარგლებში, შალვა ფიფია სოფლის მეურნეობის მინისტრების სამიტს დაესწრო, რომელშიც 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. სამიტის შემდეგ, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჰანს-პიტერ ფრედერიხმა მიღება გამართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებს ორმხრივი ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საშუალება მიეცათ. ,,მწვანე კვირეულის“ ფარგლებში, 16-18 იანვარს ,,სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი“ (GFFA) ჩატარდა. ფორუმზე იმსჯელეს როგორ უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის დახმარებით ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ კრიზისებთან გამკლავება. გერმანიაში ვიზიტისას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ლიტვის, ლატვიის, მოლდოვას და უნგრეთის წარმომადგენლებთან. ლიტვის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ბატონ ვიგილიუს იუკნასთან შეხვედრისას, შალვა ფიფიამ კოლეგას საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრაზე გადაწყდა საქართველოსა და ლიტვას შორის თანამშრომლობა 4 ძირითი მიმართულებით: განათლების სფერო – სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების ორგანიზება, ვეტერინარიისა და ფოტოსანიტარიის მიმართულებით კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და ევრორეგულაციებთან თავსებადობის უზრუნველყოფის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვიდრების ხელშეწყობა და მაწანწალა ძაღლებში ცოფის კონტროლის და ვაქცინაციის მიმართულებით ახალი პროგრამის დაწყება. ლიტვის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის ფარგლებში ფონდების მოძიებაში, რათა უფრო ეფექტურად განხორციელდეს აღნიშნული პროგრამები. გამოფენის მიმდინარეობისას, ქართულ სტენდზე შალვა ფიფიამ შეხვედრა გამართა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ადრეს პილდეგოვიჩთან და ლატვიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ქართულმა მხარემ ლატვიის დელეგაციიის წევრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. საუბრისას ხაზი გაესვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება და ახლო მომავალში ლატვიის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა მოლდოვის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ვასილ ბუმაკოვთანაც. შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ და მათ ბევრი საერთო აქვთ ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. როგორც საქართველოს, ისე მოლდოვას პარაფირებული აქვს ასოცირების შესახებ შეთანხმე
ბა და მიმდინარეობს ამ შეთანხმების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე მუშაობა. 23 იანვარს მოლდოვა უმასპინძლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კონფერენციას, რომელსაც წევრი ქვეყნების მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი კომისარი შტეფან ფულე დაესწრებიან. კონფერენციაზე იმსჯელებენ სიღარიბის დაძლევის, სასურსათო უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე. ასევე განიხილავენ მიწის კონსოლიდაციის და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანებში არსებული კრიზისების დაძლევას. ბერლინში ვიზიტისას შალვა ფიფიამ შეხვედრა გამართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა და ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო მდივანთან პიტერ სიიარტოსთან. უნგრეთი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 2012 წლის სექტემბერში განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების თანახმად, უნგრული მხარე 50 ქართველ სტუდენტს სრულად დააფინანსებს უნგერთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად. 50 სტუდენტიდან 10 სოფლის მეურნეობის, 10 კი ირიგაციის, მელიორაციისა და ზოგადად წყლის რესურსების მართვის მენეჯმენტის განხრით ისწავლის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროგრამის განხორციელებისთვის ყველა მნიშვნელოვან პუნქტზე შეთანხმება მიღწეულია. ტექნიკური საკითხების მოგვარების დასრულების შემდეგ, პროგრამის დაწყება 2014 წლის სექტემბრიდან იგეგმება. პირველ ეტაპზე სტუდენტები სამაგისტრო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას, რაც შეეხება ბაკალავრიატის დონეზე სწავლის გაგრძელებას, ეს უკვე პროგრამის მეორე ეტაპია. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სურსათის უვნებლობის მიმართულებით უნგრეთთან აქტიური თანამშრომლობის დაწყება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილია წვრილი ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც განხილული იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სამომავლო განვითარების შესაძლებლობები ევროპის ქვეყნებში. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, შეთავაზებული იქნას კონკრეტული თანამშრომლობის გეგმები. ბერლინის „მწვანე კვირეული“ სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, 1926 წლიდან ყოველწლიურად იმართება. 2014 წელს გამოფენა ბერლინში 17 იანვარიდან 26 იანვარის ჩათვლით გაიმართება.