კულტურის მინისტრმა სქურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2014 წლის პროგრამით, ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული ძეგლების რეაბილიტაცია გრძელდება. სამეგრელოში ერთ-ერთი გამორჩეული და დანგრევის პირას მყოფი უდიდესი დარბაზული არქიტექტურული ძეგლის – სქურის ფერისცვალების ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები წელს დაიწყო. სამუშაოების მიზანია, სქურის გრანდიოზული და მონუმენტურ ნანგრევებად ქცეული ძეგლი აღდგეს და პირვანდელი სახე დაუბრუნდეს.
4 დეკემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ერთად სქურის სარეაბილიტაციო პროცესი ადგილზე მოინახულა. ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მინისტრს სქურის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის 2015 წელს დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.
სქურის რეაბილიტაცია სამ ეტაპად განხორციელდება, ამ დროისათვის ძეგლი და მისი მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გათავისუფლებულია მავნე მცენარეებისგან და დამუშავებულია ქიმიური ნივთიერებებით. მიწის სამუშაო პროცესში გამოვლენილი უძველესი ქვები მარკირებული, დასაწყობებულია და მზად არის ძეგლის აღდგენის პროცესში თავდაპირველ ადგილზე განსათავსებლად.
პროექტის პირველ ეტაპზე უკვე განხორციელებულია ძეგლის დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადის საპირე წყობის აღდგენა ქვის კვადრებით და ავთენტური მასალის – კირ-დუღაბის გამოყენებით.
სქურის განსაკუთრებული მხატვრულ-სივრცითი ღირებულებიდან გამომდინარე და ძეგლის რთული ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელსაც ჩამოქცეული კამარები ამძიმებს, სარეაბილიტაციო პროცესი რესტავრატორების დიდ ძალისხმევას საჭიროებს. სქურის ფიზკურ სამუშაოებს კომპანია „ივერთმშენი“ ახორციელებს, რომელმაც გასულ წელს წარმატებით განახორციელა და დაასრულა დუშეთის მუნიციპალიტეტში ფუძნარის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები