აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში პუტინის გამოსვლა გააკრიტიკეს
აშშ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფედერალური კრების წინაშე გამოსვლის შეფასებას არ აპირებს, თუმცა მის მოსაზრებას, რომ დასავლეთი რუსეთის მიმართ შეკავების პოლიტიკას ახორციელებს, არ ეთანხმება,- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა განაცხადა, – წერს „იტარ-ტასი“.
ჰარფის განცხადებით, აშშ-ს და რუსეთის მოსაზრებები რიგი ფუნდამენტური პრინციპების შესახებ ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. აშშ,ჰარფის თქმით, ამ პრინციპების „თანამიმდევრულ დაცვას“ აპირებს. ამასთან, არსებობს სფეროები, რომლებშიც ვაშინგტონს და მოსკოვს ერთად მუშაობის უნარი გააჩნია. „ჩვენ ყურადღების კონცენტრირებას, შესაძლებლობის შემთხვევაში, ერთობლივ მუშაობაზე, ჩვენი უკმაყოფილების არსებობის შემთხვევაში კი, მის ცხად გამოხატვაზე ვახდენთ“, – აღნიშნა ჰარფმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტის არსი არა შეკავებაში, რაზეც პუტინი საუბრობდა, არამედ უკრაინის ხალხის საკუთარი მომავლის გარკვევის უფლებაშია. ჰარფის განცხადებით, მოსკოვის და ვაშიგტონის ორმხრივი ურთიერთობების კრიზისი რუსეთის უკრაინისადმი დამოკიდებულების პირდაპირი შედეგია. თავის მხრივ, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ პუტინის გამოსვლა არ უნახავს, თუმცა მოსკოვის მიმართ გაფრთხილება ახალი სანქციების დაწესების შესახებ უკვე გააჟღერა. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეფასება სკეპტიკური იქნება.