ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მონაწილეებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. “მოქალაქის” დამფუძნებელმა მოსწავლეებს დღევანდელი დღე მიულოცა.
“თუ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ბედნიერ სამშობლოში, აუცილებლად უნდა მივიღოთ მსგავსი განათლება და ჩვენ ძლიერი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. თქვენ უნდა შეძლოთ და ააშენოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო და ძალიან ძლიერ ქვეყანაში უნდა იცხოვროთ”, – მიმართა მოსწავლეებს ბიძინა ივანიშვილმა.
მოგვიანებით, ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა, რომ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაზე უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა.
“განცდა იმისა, რომ სახელმწიფოს მშენებლობა სჭირდება და თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თავისი წილი პასუხისმგებლობა – ეს გაიგეს სკოლის მოსწავლეების დონეზე. ეს არის ძალიან სასიამოვნო და საამაყო”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ “მოქალაქეს” აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, რომლებმაც გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგად 2016 გამარჯვებული გამოვლინდა. დღეს თბილისიდან, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. ხვალ გაიმართება ღონისძიება გორში, სადაც შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები დაჯილდოვდებიან. პირველ ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებს, რომლებიც დაჯილდოების ღონისძიებას არ დასწრებიან, საჩუქრები თავიანთ სკოლებში გაეგზავნებათ.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები, წიგნის მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსის” ვაუჩერი, საგანგებოდ პროქტის ფარგლებში მომზადებული კრებული “რა არის თავისუფლება”, სასაჩუქრე ჩანთა სამახსოვრო საჩუქრებით. ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონის 1277 სკოლის 22 ათასზე მეტმა მოსწავლემ. მათ ტესტირება 22 ნოემბერს საკუთარ სკოლებში გაიარეს. მეორე ტურში მონაწილე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს ეყოლება.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია “მოქალაქის” პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობენ საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეები. ოლიმპიადა ტარდება ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ოლიმპიადის მესამე ტურის 20 გამარჯვებულის გამგზავრება ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) კურსებზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. “მოქალაქეს” ცნობით, პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეოლექციების კურსი ,,სამაგალითო ადამიანები”. ლექციების მიზანია, ახალგაზრდებს გააცნოს საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანების ისტორიები, რომელთა ცხოვრებაც სხვადასხვა ეპოქაში მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და ღირებულებების უპირობო დაცვისა და თავგანწირვის მაგალითებს წარმოადგენს.