ბიძინა ივანიშვილი მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს აფასებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მოსმენებთან დაკავშირებული კანონი მომავალში განვითარებას საჭიროებს. მისივე თქმით, ევროპისა და ამერიკის დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ძირითადად, გასაღებთან დაკავშირებით ორი ფორმა არსებობს.
ამასთან, ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ არ არსებობს სახელმწიფო, სადაც არ შფოთავენ მოქალაქეები, რომ მათ შეიძლება უსმენდნენ.
“ამერიკის დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ძირითადად, გასაღებთან დაკავშირებით ორი ფორმა არსებობს, თუ სად არის გასაღები, როგორ უნდა მოიმართოს პროცესი და დაბალანსდეს, რომ არ შფოთავდეს საზოგადოება, არ დაზარალდეს სახელმწიფო და ეფექტურად მუშაობის საშუალება ჰქონდეს. ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში გასაღებს ფლობენ სატელეფონო პროვაიდერები, მაგრამ საინტერესო ქვეყნების რიგში არიან: საფრანგეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ისრაელი და ამერიკა, იქაც არის მსგავსი პრაქტიკა, შს სამინისტრო ფლობს გასაღებს, სახელმწიფოების უმრავლესობაში კი – სატელეფონო პროვაიდერები ფლობენ. როგორც ვიცი, საპარლამენტო პარტიების მხრიდან და გარედანაც მცდელობები იყო, რომ საქართველო უმრავლესი ქვეყნების რიგში ჩამდგარიყო. ბევრი განმარტება გაკეთდა და, ფაქტობრივად, პოლიტიკოსებმა გამორიცხეს, რომ სატელეფონო პროვაიდერებისთვის გადაეცათ გასაღები. მიზეზებს მე არ ჩამოგითვლით”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველო არ არის გამორჩეული, მაგრამ ქვეყანა არ არის უარესების რიგში.
„შეგახსენებთ ჩემს დამოკიდებულებას ამ და სხვა თემებთან დაკავშირებითაც. როცა ოპოზიციაში ვიყავი და ხელისუფლებაში მოვედი, ჩვენს ოპონენტებს შევახსენებდი, რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია და ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, ევროპული ტიპის ქვეყნების მაგალითი არ ავიღოთ, ჩვენ მათ უნდა მივბაძოთ, რამეთუ გამოცდებისთვის ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ. შედეგად მივიღეთ გაუმჯობესებული ვარიანტი. გასაღები დარჩა შს სამინისტროს და, ამავდროულად, დამატებითი კონტროლი დაენიშნა ინსპექტორის სახით, რომელსაც უნდა კარგი ჩამოყალიბება და ინსპექტორის უფლებები ხელისუფლების მხრიდან დახვეწას საჭიროებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ვარიანტი. თქვენ იცით, რომ ევროკავშირში 6 თუ 9 დეკემბერს არის მსგავსი კანონის განხილვა, და ცდილობენ, დახვეწონ კანონი მოსმენებთან დაკავშირებით. ვერსად ვერ ნახავთ კანონს, სადაც ეს საკითხი აბსოლუტურად დაბალანსებულია და ყველა კმაყოფილია. ვერ ნახავთ სახელმწიფოს, რომელშიც არ შფოთავენ მოქალაქეები, რომ მათ შეიძლება უსმენდნენ. საქართველოც არ არის გამორჩეული, მაგრამ ჩვენ არ ვართ უარესების რიგში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები