რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ სამუშაო სადილზე

საქართველოს მთავრობა ძალიან აფასებს ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის” ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში, ჯეიმს აპატურაისთან სამუშაო სადილზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ე.წ შეთანხმება ოკუპირებული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს და მთავრობა შეშფოთებულია, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციულ მიდგომებს დესტრუქციული ქმედებებით პასუხობს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ პროცესის მენეჯმენტის ჯგუფი უახლოეს მომავალში შეიქმნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ ნატო-საქართველოს ურთერთობებში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, ISAF-ისა და ავღანეთის „გადამწყვეტი მხარდაჭერის” მისიებში.
პრემიერ-მინისტრმა 2015 წლისთვის ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები