გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, უკრაინაში თანამდებობებზე საქართველოდან სხვა კანდიდატებიც განიხილება
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, უკრაინაში თანამდებობებზე საქართველოდან სხვა კანდიდატებიც განიხილება, – ამის შესახებ ვაშაძემ „იმედის“ ეთერში უკრაინიდან ჩართვისას განაცხადა. მან კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა. ვაშაძის თქმით, კანდიდატურების შესახებაც გარკვეული დროის შემდეგ გახდება ცნობილი.
„ჩვენ არ გვაქვს უფლება საჯაროდ ვისაუბროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. საერთოდ, ასეთი გუნდური მუშაობის პრინციპია აწყობილი ჩვენსა და უკრაინის მთავრობას შორის იმ მიმართულებების მიხედვით, რა მიმართულებებიც მათ აინტერესებთ. ჩვენ ამ მიმართულებებით ვკრეფთ ჯგუფებს და მაქსიმალურად ვიღებთ მონაწილეობას იმ ცვლილებებსა და რეფორმებში, რომლებიც უკრაინას ასე ძალიან სჭირდება“, – განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, იმყოფება თუ არა უკრაინაში აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძემ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა მიიღო თუ არა შეთავაზება ვარშალომიძემ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ამაზე არ ისაუბრა.
„მე ვერ გეტყვით კონკრეტულად სხვა შეთავაზებებს, რადგან არ გვაქვს უფლება სხვა შეთავაზებებზეც ვისაუბროთ. ამის შესახებ ყველასთვის ცნობილი გახდება, არც თუ ისე შორეულ მომავალში. სხვადასხვა კანდიდატურა იხილება“, – დასძინა ვაშაძემ.