ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად სააკაშვილი უკრაინას კარგს არ მოუტანენ

„სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად სააკაშვილი უკრაინას კარგს არ მოუტანენ“, – აცხადებს „თავისუფალი დემოკრატები- ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
ნინო ბურჯანაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი უგონო პოლიტიკით საქართველოს ტერიტორიების 20 % დააკარგინა და უმძიმეს რეალობაში ჩააყენა ქვეყანა. მისი თქმით, უკრაინა დღეს იმ შეცდომებს იმეორებს, რაც საქართველომ 2008 წელს დაუშვა.
„ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ უკრაინაში ვერ მოიძებნენ უკრაინის პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც უკრაინას წინ წაწევენ. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინას არაფერს კარგს არ მოუტანენ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად სააკაშვილი იმიტომ, რომ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც უგონო პოლიტიკით საქართველოს ტერიტორიების 20 % დააკარგინა და უმძიმეს რეალობაში ჩააყენა ქვეყანა.
უკრაინა, რომელიც ახლა პრაქტიკულად იმეორებს იმ შეცდომებს, რაც სააკაშვილმა დაუშვა 2008 წელს, ნამდვილად პოლიტიკურ გარღვევას საჭიროებს. რაც შეეხება განცხადებებს, რაც მე დღეს მოვისმინე მთავრობის მხრიდან, რომ ეს თურმე საწყენი იქნება, ბატონებო, თქვენ გავიწყდებათ, რომ სუვერენული სახელმწიფოს წარმომადგენლები ხართ! რას ნიშნავს, საწყენი იქნება, თუ უკრაინაში თანამდებობაზე დაინიშნებიან დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც იძებნებიან საქართველოში?
ასეთ შემთხვევაში, ჩვენ თუ სუვერენული სახელმწიფო ვართ, პრაქტიკულად უნდა მივიდეთ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! ამისათვის მთავრობას უნდა ემუშავა უკრაინაშიც, მთელ მსოფლიოშიც და სააკაშვილის და მისი გუნდის რეალური სახე უნდა დაენახვებინა როგორც მტრისთვის, ისე მოყვარისთვის. თუმცა ეს ვერაფერი ხელისუფლებამ ვერ გააკეთა. დღეს სააკაშვილი უკრაინაში თავს გრძნობს გაცილებით უკეთ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილზე და ეს არის იმის ბრალი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სიმართლე სააკაშვილზე და მის რეჟიმზე ვერ გაიტანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შეისმენენ ამ განცხადებას, კარგი იქნება იმიტომ, რომ სააკაშვილის ჭკუაზე სიარული მათ კიდევ უფრო გადააჩეხინებს უკრაინას იმ უფსკრულში, რომლისკენაც, სამწუხაროდ, უკრაინა ახლა მიექანება“, – წერს ნინო ბურჯანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები