“საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს”
საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, – ასე უპასუხა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ შეკითხვას, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
“ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს მთავრობამ თავად უნდა გადაწყვიტოს და ყურადღებით განიხილოს. რაც შეეხება ნატოს, მის ყველა მოკავშირეს საკუთარი საგარეო პოლიტიკა აქვს, რომელიც სახელმწიფოებრივ, სუვერენულ ინტერესზეა დაფუძნებული. საქართველო ნატოს ძლიერი პარტნიორია და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს”,- განაცხადა უილიამ ლაჰიუმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის მოხარული იქნებოდა, თუ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს სხვა ქვეყნებიც შეუერთდებოდნენ.
რაც შეეხება შეხვედრაზე განხილულ საკითხებს, ლაჰიუს თქმით, საუბარი შეეხო საქართველოში ნატოს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს და ნატოს მიერ საქართველოსთვის შეთავაზებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხს.