„ყველა კანონში, სადაც კი მძიმე, ან წერტილი არ მოეწონება პრეზიდენტს, გამოდის, რომ ყველაფერი თავიდან უნდა განვიხილოთ?“

„პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება არსებობს. მე მგონია, რომ მოსმენების კანონზე ვეტოს დადებასაც სწორედ ეს ქვეტექსტი გასდევდა“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „ფარული მიყურადების კანონის“ ერთ-ერთმა ავტორმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.
ფოფხაძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან ვეტო ღირებულებების დონეზე დასაბუთებული არ ყოფილა.
„ვეტო არ უნდა გახდეს საკანონმდებლო ორგანოსა და პრეზიდენტს შორის წინააღმდეგობის ფორმა. ყველა კანონში, სადაც კი, მძიმე, ან წერტილი არ მოეწონება პრეზიდენტს და მიიჩნევს, რომ რამე ნიუანსი არ არის ჩადებული, გამოდის, ჩვენ ყველაფერი თავიდან უნდა განვიხილოთ. ეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ძალიან უხეში ჩარევაა. ეს არ იყო ის ვეტო, რომლითაც პრეზიდენტი უნდა ცდილობდეს ინსტიტუციონალური ბალანსის დაცვას. ერთხელ დრო განგვისაზღვრა, დაგვაჩქარა, ჩარჩოებში მოგვაქცია, მეორედ რაღაცა შინაარსი არ მოეწონა“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ კანონპროექტს კვლავ ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება საერთაშორისო პრინციპებით ახსნა. მისი თქმით,  ბალანსი არ არის დაცული. საქართველოს პრეზიდენტი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონს არ ეთანხმება. თუმცა, კანონის მიღების პროცესით კმაყოფილია, რადგან ეს პროცესი დემოკრატიულად წარიმართა.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დღევანდელი კონსტიტუციით გამარტივებულია, პარლამენტს ამისთვის 76 ხმა სჭირდება. მოქმედი კონსტიტუციით, თუკი პარლამენტი ვეტოდადებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას აპირებს და ვეტოს დაძლევა არ სურს, შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც კანონპროექტის მიღებას სჭირდებოდა – დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (სულ მცირე 50 ხმა).
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კი, რაც პირვანდელი კანონპროექტის კენჭისყრას გულისხმობს, მის მისაღებად საჭირო იქნება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი – ანუ 76 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონს დადგენილ ვადაში ხელს კვლავ არ მოაწერს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები