„მოსმენების კანონის დახვეწის საჭიროება იქნება, თუმცა მისი გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“
„მომავალში მოსმენების კანონის დახვეწის საჭიროება იქნება“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „ფარული მიყურადების კანონის“ ერთ-ერთმა ავტორმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.
ფოფხაძის განმარტებით, კანონის შემუშავების პროცესი ისე დააჩქარეს, რომ ის დეტალების დონეზე უნდა გადაიხედოს, თუმცა, მისივე თქმით, ამ კანონში არ არის ნორმა, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს.
კანონის ერთ-ერთი ავტორი მიიჩნევს, რომ ამ კანონის გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
„ მოსმენების კანონი დახვეწას საჭიროებს. ეს არის თემა, რომლის ასე მყისიერი დარეგულირება, რომ მომავალში აღარ დავუბრუნდეთ მას, ძალიან ძნელია. პირიქით, ჩვენ ვთვლით, რომ იმპლემენტაციის პროცესში მაქსიმალური მონიტორინგი იქნება საჭირო. ეს არის საპარლამენტო კონტროლის ამოცანაც და ამისკენ მოვუწოდებთ არასამთავრობოებსაც. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ექნება ვალდებულება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წელიწადში ორჯერ ანგარიში წარუდგინოს. როგორც მოდელი იმუშავებს, იმის მიხედვით კანონის დახვეწის საჭიროება იქნება. ამ კანონის გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამ კანონში არ არის ნორმა, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. თუ რომელიმე ნორმა ბუნდოვანია, ამას სასამართლო დავებზე მეტად კანონის რეალიზაცია უფრო გამოამჟღავნებს“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მოსმენების შესახებ კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც შემოდის ე. წ. ორგასაღებიანი სისტემა, სადაც ე. წ. ერთი გასაღები შსს-ში რჩება, მეორე კი პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა.